კვირკველია-დავითაშვილის „როტორმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა - საუკეთესოდ ბათუმელთა ყოფილი თავდამსხმელი დაასახელეს (ვიდეო)
სამი ქართველი მონაწილეობდა ვოლგოგრადის „როტორის“ გამარჯვებაში, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის პრემიერლიგაში გამართული 12 ტურის შემდეგ გუნდისთვის სეზონში პირველი გამოდგა.
ვოლგოგრადელები მოსკოვში მოქმედ ვიცეჩემპიონს, „ლოკომოტივს“ ესტუმრნენ და მოულოდნელად 2:1 დაამარცხეს. ამაში განსაკუთრებული როლი ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯოვინო ფლამარიონმა ითამაშა. ის მე-19 წუთზე მოსკოველთა საჯარიმოში წააქციეს და პენალტი დაინიშნა. ბრაზილიელის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჯოვინომ ანგარიში მაინც გახსნა. 57-ე წუთზე კი ვოლგოგრადული გუნდის მეორე გოლის გამტან ანდრეს პონსეს საგოლე გადაცემა მისცა.
საბა კვირკველიამ საკუთარი კლუბის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა („როტორში“ იჯარით ასპარეზობს) და ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიზის საერთაშორისო გვერდმა, „სოპა სქორმა“ 6,8 ქულა დაუწერა. საქართველოს ნაკრების მცველისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩი იყო, რადგან „ლოკომოტივიდან“ უკმაყოფილო წამოვიდა. 82-ე წუთძე საბამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და „როტორის“ კარში პენალტი ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ დაინიშნა, მაგრამ მოსკოველმა ანტონ მირანჩუკმა ბურთი ძელს მოარტყა.
ზუკა დავითაშვილიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი თამაში 6,2 ქულით შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ ჯოვინო საჯარიმოში მისი გადაცემის შემდეგ წააქციეს, როდესაც ბრაზილიელი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა. ჯოვინოს 7,8 ქულა დაუწერეს. ბექა მიქელთაძე შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა და 90+8 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ფლამარიონი „სოპა სქორმა“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ასევე საუკეთესოდ აღიარა რუსული პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა. 12 ტურის შემდეგ „როტორმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა, 6 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილიდან მე-14 პოზიციაზე დაწინაურდა.