კვიპროსში მკვლელობისთვის ორი ქართველი დააკავეს, პოლიცია კიდევ ორ ქართველს ეძებს
საქართველოს მოქალაქეები კვიპროსის ქალაქ ლიმასოლის ერთ-ერთ რესტორანში, 47 წლის მამაკაცის ერნესტო ლეონიდესის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი. 24 და 25 წლის ქართველებს 8-დღიანი დროებითი პატიმრობა შეუფარდეს. მანამდე ადგილობრივი პოლიცია მათზე მტკიცებულებებს აგროვებს.
სამართალდამცველებმა უკვე იპოვეს ის ავტომანქანა, რომელიც მკვლელობასთან არის დაკავშირებული. პოლიციის ინფორმაციით, ნაპოვნი მანქანით დანაშაულის ჩადენის დღეს ეჭვმიტანილი პირები გადაადგილდებოდნენ. მანქანის იდენტიფიცირება ავტომანქანების გაქირავების ცენტრში მოხდა, რომლის მენეჯერი ასევე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 25 წლის რუსეთის მოქალაქეა. ის პოლიციამ უკვე დააპატიმრა. იდენტიფიცირებულ მანქანას კი ლიმასოლის პოლიციის მთავარ სამმართველოში ექსპერტიზა უტარდება.
47 წლის ერნესტო ლეონიდესი ლიმასოლის გარეუბანში, ერთ-ერთ რესტორანში სადილობის დროს გასული კვირის ხუთშაბათს მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქართველებს კი 8-დღიანი დროებითი პატიმრობა პარასკევს შეუფარდეს.
ქართველები დანაშაულს არ აღიარებენ. ადგილობრივი გამოცემა Cyprus Mail-ის ინფორმაციით, ისინი უარყოფენ მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს და ამბობენ, რომ მათ მხოლოდ სამი ადამიანი (ამავე საქმეზე ეჭვმიტანილი) მიიყვანეს სადილზე, თავად კი რესტორნის გვერდით იცდიდნენ. მათივე მონაყოლის მიხედვით, როცა სროლის ხმა გაიგეს, ფეხით გაიქცნენ და მანქანა ადგილზე დატოვეს. საგამოძიებო მასალებში ნახსენებია, რომ მანქანა გაქირავების ცენტრში ლატვიელმა ქალმა წაიყვანა, რომელიც ამავე ცენტრის თანამშრომელია. 32 წლის ქალს პოლიცია ეძებს.
ქართველების ჩვენებებში პოლიციამ განსხვავებები იპოვა. როგორც Cyprus Mail-ი გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, „პირველმა დაკავებულმა ქართველმა თქვა, რომ რესტორნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ ფეხით სახლში წავიდნენ. მეორე ქართველის თქმით, კი მათ პირველი დაკავებული მეგობრის ძმას დაურეკეს წასაყვანად“.
ლიმასოლის პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააპატიმრა. 36 წლის ლატვიელი სავარაუდოდ, დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება. ძებნილი ეჭვმიტანილი პოლიციამ ქალაქ პაფოსის აეროპორტში აიყვანა, როცა ის კვიპროსის დატოვებას ცდილობდა. გამოძიების მიხედვით, სწორედ ამ პირს ეკუთვნის მანქანა, რომელიც ეჭვმიტანილებმა მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ გამოიყენეს. 36 წლის ლატვიელი ირწმუნება, რომ მანქანა 28 წლის ქართველს ათხოვა, ამ პირზე ლიმასოლის პოლიციას დაკავების ორდერიც აქვს. ის ერთადერთი ქართველი არ არის, რომელიც მომხდარ მკვლელობისთვის იძებნება.
Cyprus Mail-ის ინფორმაციით, იძებნება მეორე ქართველიც. სამართალდამცველები არც მის ვინაობას ასახელებენ. ცნობილია მხოლოდ ასაკი, რომ კიდევ ერთი ძებნილი 57 წლის ქართველია. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ეს ქართველი იყო მესამე ადამიანი, რომელიც მსხვეპლთან – ერნესტო ლეონიდესთან ერთად რესტორანში სადილობდა.