კვიპროსის პრეზიდენტმა ქალაქ ფამაგუსტას ნაწილის გახსნასთან დაკავშირებით კვიპროსელი თურქების გეგმას უკანონო და მიუღებელი უწოდა
კვიპროსელი თურქების გეგმას, რომელიც ქალაქ ფამაგუსტას ნაწილის გახსნას უკავშირდება, კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა უკანონო და მიუღებელი უწოდა.
ფამაგუსტას გარეუბანი ვაროშა, შემოღობილი და მიტოვებული ადგილია, რომელსაც თურქები აკონტროლებენ.
აღნიშნული ადგილი 1974 წელს კვიპროსში თურქეთის შეჭრის შემდეგ დაცარიელდა. კვიპროსელი თურქების ლიდერმა, ერსინ თათარმა თქვა, რომ ვაროშის 3.5 კვადრატული კილომეტრის მონაკვეთი სამხედროდან სამოქალაქო კონტროლზე გადავა და გაქცეულ კვიპროსელ ბერძნებს შეუძლიათ, სცადონ საკუთრების დაბრუნება „უძრავი ქონების კომისიის“ მეშვეობით.
ვაროშას გახსნის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კვიპროსელი თურქების მიერ კონტროლირებულ ნაწილს, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეჭრის 47 წლისთავის აღსანიშნავად ესტუმრა. კვიპროსელი ბერძნები შიშობენ, რომ ვაროშის გახსნის შემდეგ ტერიტორიას თურქეთი მიითვისებს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა კვიპროსელი თურქების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს საფრთხეს უქმნის.
თანამედროვე სასტუმროების და სანაპიროების გამო, კუნძულზე თურქეთის შეჭრამდე ფამაგუსტა ტურიზმის ცენტრი იყო. კვიპროსში მომხდარი გადატრიალების შემდეგ, რომელიც კუნძულის საბერძნეთთან გაერთიანებას ისახავდა მიზნად, თურქეთი კუნძულზე შეიჭრა. კვიპროსის კონფლიქტი „დიპლმატების სასაფლაოს“ სახელით არის ცნობილი. გაერო-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკების არაერთი რაუნდი წარუმატებლად დასრულდა. კუნძულის ჩრდილოეთში თურქეთის შეჭრის შემდეგ, სეპარატისტული ე.წ. სახელმწიფოს შექმის შესახებ განაცხადეს. კვიპროსელი თურქების ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას მსოფლიოში მხოლოდ თურქეთი აღიარებს.