კვიპროსის ოკუპირებულ ნაწილში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტში ექვსი პოლიტიკური პარტია შევიდა. არჩევნებში, რომელსაც კვიპროსის ცენტრალური ხელისუფლება უკანონოს უწოდებს, 118 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 36.59%-ის აღების შემდეგ გამარჯვებას ზეიმობს „ეროვნული ერთობის“ პარტია, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს.
წინა არჩევნებთან შედარებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვიპროსის პრობლემა სტრატეგიის ცენტრში არ ყოფილა და პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი აქცენტი ეკონომიკურ პრობლემებზე და კორუფციასთან ბრძოლაზე გააკეთეს.
ოფიციალური ნიქოზია ოკუპირებულ ნაწილში ჩატარებულ არჩევნებს არაკანონიერს, ხელისუფლების ორგანოებს კი დე ფაქტოს უწოდებს. კვიპროსი დე ფაქტო გაყოფა 1974 წელს თურქეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ მოხდა.
შეჭრას წინ უძღვოდა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა, რომელშიც ბერძენი სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას. თურქი სამხედროები კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში 21 ივლისს შეიჭრნენ და ქვეყნის ტერიტორიის 37% დაიკავეს. დაკავებულ ნაწილზე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკა გამოცხადდა, რომელიც მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 2017 წლის ზაფხულში ჩატარდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.