კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი - ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველო „დ“ ჯგუფის ფავორიტი იქნება
საქართველოსა და კვიპროსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, კომენტარი სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა რან ბენ შიმონმაც გააკეთა.
“ორივე გუნდისთვის კარგი მატჩი იყო. კვიპროსი მებრძოლი გუნდია და ეს მატჩი ძალიან წაგვადგა. უნდა აღვნიშნო ვლდიმირ ვაისის მუშაობა, რომლის ხელწერა და სათამაშო ტაქტიკა საქართველოს ნაკრებს კარგად დაეტყო – ეს მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა“ – ამბობს რან ბენ შიმონი.
კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველოს შანსებზეც ილაპარაკა.
„მიმაჩნია, რომ საქართველო „დ“ ჯგუფის ფავორიტი იქნება. თქვენი გუნდის წევრები ძალიან ტექნიკურები და მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. ეს საქართველოს მეტოქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნა მან.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე კვიპროსი 1:0 დაამარცხა.