მოსკოვში დაფუძნებულმა სომხურმა კლუბმა მოსკოვის “არარატმა” (სადაც ქართველებიც თამაშობენ) რუსეთის რანგით მეორე რუსულ დივიზიონში (ფეხბურთის ნაციონალური ლიგა) საგზური მოიპოვა.
მაგრამ “არარატის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ნაცვლად ამიერიდან, გუნდი სომხეთის ჩემპიონატში ითამაშებს, სადაც პირველი ლიგის “ავან-აკადემიას” სახელი გადაარქვეს და “არარატ-მოსკვად” მონათლეს – ამ ახალმა გუნდმა კი სომხეთის პრემიერლიგის მომდევნო (2018/2019) სეზონში მონაწილეობის ლიცენზია მიიღო.
მოსკოვის “არარატის” მოთამაშეთა უმრავლესობა სომეხი და რუსია, მაგრამ კაპიტანი ქართველია – ბათუმის “დინამოსა” და ლანჩხუთის “გურიას” ყოფილი ფეხბურთელი ირაკლი კვეკვესკირი. გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც ქართველია – ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ნახევარმცველი დავით ხურციძე.
მომხდარის გამო კვეკვესკირმა უკმაყოფილება არ დამალა და გუნდის თავკაცების გადაწყვეტილება გააპროტესტა.
“ეს ჩვენთვის საშინელი ინფორმაცია იყო. გუნდში იმიტომ მოვედით, რომ მიზნისთვის მიგვეღწია და რუსეთის პირველ ლიგაში გადავსულიყავით. გუნდმა ეს გააკეთა და ძალიან საწყენია, რომ ნაციონალურ ლიგაში არ ვითამაშებთ” – ამბობს კვეკვესკირი.