თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოწესრიგდა.
„კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებშიც, გზა სრულად მოწესრიგდა, დამონტაჟდა განათების ბოძები და LED სანათები. ეს გზა, დაახლოებით, 3-კილომეტრიანია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2.5 მლნ ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში, 20 000 მ²-ზე მოეწყო. გზის არსებული მონაკვეთის რეაბილიტაცია კომპანია „ჯი არ ჯიმ“ განახორციელა.