კურტ ვოლკერმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების მიერ დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა. როგორც კურტ ვოლკერმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, „არჩევნები“ მინსკის პროცესის ლოგიკას არღვევს. მისი თქმით, საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც არ არსებობს უსაფრთხოების ძირითადი პირობები.
„თუ მინსკის შეთანხმებების და უკრაინის კონტროლის ქვეშ ამ ტერიტორიების დაბრუნების ლოგიკას გავითვალისწინებთ, ეს წარმონაქმნები (თვითგამოცხადებული რესპუბლიკები) უნდა გაქრნენ. ამიტომ არჩევნების ჩატარება თავისთავად არალეგიტიმურია უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე, ასევე იმიტომ, რომ ისინი არ არის ის წარმონაქმნები, რომლებმაც უნდა იარსებონ. როდესაც იქ უსაფრთხოება აღდგება, არჩევნები მაშინ უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ამავე დროს, ამერიკელ დიპლომატს ეჭვი ეპარება, რომ უახლოეს თვეებში შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ვოლკერი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა ლოდონის სტრატეგია აირჩია.
„ვფიქრობ, რუსებმა გადაწყვიტეს, არ მიმართონ არანაირ ძალისხმევას მშვიდობისთვის, არამედ დაელოდონ უკრაინაში არჩევნების შედეგებს“, -აღნიშნა ვოლკერმა.
შეგახსენებთ, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს გაიმართება. თუმცა მანამდე, 2018 წლის ნოემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დე ფაქტო ლიდერები აპირებენ.