კურტ ვოლკერი - საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრობისთვის მზად არ არიან, თუმცა MAP-ი 2008 წელს უნდა მიეღოთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა – MAP-ი ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უნდა მიეღოთ. ამის შესახებ ვოლკერმა ბრიუსელში უკრაინულ სააგენტო „უნიანთან“ საუბრისას განაცხადა.
„აშშ მხარს უჭერდა უკრაინასა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, რაც სწორი იყო და უნდა გაკეთებულიყო, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა წევრობის გარანტია არ არის. ეს ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყანას ეხმარება, მოემზადოს იმისათვის, რომ მოგვიანებით სანდო კანდიდატი გახდეს“, – განმარტა ამერიკელმა დიპლომატმა.
ამასთან, კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ არც 2008 წელს და არც ახლა უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრობისთვის მზად არ არიან.
„მათ ბევრი სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი. ახლაც ორივე ქვეყანას ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. წევრობის სამოქმედო გეგმა შემუშავებული იყო როგორც ინსტრუმენტი“, – განაცხადა ვოლკერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წელს ნატო-ს ზოგიერთი წევრი, რუსეთის ფაქტორის გამო, საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგი იყო.