კურტ ვოლკერი - რაც ჩვენ ანდერს ფოგ რასმუსენისგან მოვისმინეთ, მნიშვნელოვანი იდეა იყო
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა უნდა გამოვრიცხოთ მეხუთე მუხლის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე განუსაზღვრელი ვადით, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი და მივცეთ დრო ამ ტერიტორიების მშვიდობიანი რეინტეგრაციისთვის, – ასე უპასუხა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის მიერ დასმულ კითხვას – „რა არის თქვენი კონცეფცია, როგორ სთავაზობთ საქართველოს გახდეს ნატო-ს წევრი ტერიტორიების დაკარგვის გარეშე ან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის სერიოზული ზიანის მიყენების გარეშე“.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ასევე ნატო-ში საქართველოს პოტენციურ წევრობას, კურტ ვოლკერის თქმით, მას ეს შეუთავსებელ იდეად არ მიაჩნია.
„პირველ რიგში, ყველა აქ მყოფი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყველაზე მეტად გვსურს მშვიდობიანი რეინტეგრაცია ტერიტორიების, რომელიც ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ამასთან, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის იდეა, რომელზეც ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ისაუბრა.
„დაუყოვნებლივ წამოიჭრება კითხვა, თუ საქართველო გახდება წევრი იმ დროს, როდესაც ეს ტერიტორიები ჯერ კიდევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რაც ჩვენ ამ დილით ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენისგან მოვისმინეთ, იყო მნიშვნელოვანი იდეა. საქართველომ უკვე განსაზღვრა, რომ არ აპირებს ამ ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებას, მას მშვიდობიანი გზით რეინტეგრაცია სურს. ვფიქრობ, ნატო-მ უნდა მიიღოს იგივე იდეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა უნდა გამოვრიცხოთ მეხუთე მუხლის გავრცელება ამ ტერიტორიებზე განუსაზღვრელი ვადით, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი და მივცეთ დრო ამ ტერიტორიების მშვიდობიანი რეინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, ეს თავად ამ ხალხის საუკეთესო ინტერესებშია“, – განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.