კურტ ვოლკერი - აშშ-ისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო და იქნება რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების ოკუპაცია
უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ დონბასში მიმდინარე კონფლიქტი შესაძლოა, ერთ წელში დასრულდეს, თუკი მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებისთვის აუცილებელი ფუნდამენტი შეიქმნება.
ამერიკელმა დიპლომატმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ინტერვიუ BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ჟურნალისტს მისცა.
კითხვაზე, რა ინტერესი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინასთან მიმართებაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მისი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ანექსია და ოკუპაცია ვაშინგტონისთვის ყოველთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო.
„ამერიკა ხედავს, როგორ მოახდინა რუსეთმა მეზობელი ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია. ეს არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპისთვის, არამედ მთელი ევროპის თითოეული ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშია. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ვალდებულება ევროპის წინაშე. როცა ევროპას საფრთხე ემუქრება, ეს ნიშნავს, რომ მთელი დასავლური სამყარო რისკის ქვეშაა. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტის ჰუმანიტარული ასპექტი. ჩვენ ვხედავთ ათასობით დაღუპულს, ათასობით დევნილს. ვაშინგტონი ვალდებულია კონფლიქტის ესკალაციას წინ აღუდგეს“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
26 იანვარს კურტ ვოლკერი ვლადიმერ პუტინის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს შეხვდება.
ინტერვიუს დროს ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია, სურკოვმა მოსკოვში ამერიკის გზავნილი სწორად ჩაიტანოს.