კურსკის ოლქის გუბერნატორი ადასტურებს, რომ უკრაინიდან დივერსიული ჯგუფის შესვლა აღკვეთეს
კურსკის ოლქის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი ადასტურებს, რომ უკრაინიდან დივერსიული ჯგუფის შესვლა აღკვეთეს.
კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის შესვლის შესახებ ინფორმაცია დილით „ტელეგრამში“ გავრცელდა. რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა და 100 შეიარაღებული პირი შეიჭრა, თუმცა მათი უკუგდება მოხერხდა.
მოგერიებული შეტევის შესახებ საკუთარ „ტელეგრამში“ ასევე დაწერა კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირონვმაც. მისი თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურების მესაზღვრეებმა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა აღკვეთეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კურსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებში – სუჯასა და ზაოლეშენკაში სროლის ხმა ისმოდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც დაზიანებული სახლები და მანქანები ჩანს, ისმის სირენის ხმაც.
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, კურსკის ოლქში ვითარება რთული რჩება, უკრაინელები ქალაქ სუჯის მიმართულებით ისვრიან.
რუსეთთან საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე უკრაინაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.