კურსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ კურსკის ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზაპოროჟიეს ოლქში გადაიყვანენ
კურსკის ოლქიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანენ.
როგორც რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა „ტელეგრამზე“ დაწერა, იძულებით გადაადგილებული რუსი მოქალაქეები ზაპოროჟიეს ოლქში იქნებიან გადაყვანილი.
სმირნოვის თქმით, ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორისგან, ევგენი ბელიცკისგან მიიღო შეთავაზება, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები „განასახლონ აზოვის ზღვის პირას მდებარე სანატორიუმებსა და პანსიონატებში, ბერდიანსკიდან კირილოვკამდე“.
კურსკის ოლქის გუბერნატორის განმარტებით, მოქალაქეების ზაპოროჟიეს ოლქში გადასაყვანად პირველი რეისები უახლოეს დღეებში დაიგეგმება.
12 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთის ხელისუფლების მიერ კურსკის ოლქიდან 121 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია კურსკში 6 აგვისტოს დაიწყო და დღემდე გრძელდება.