კურსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოლქის 28 სოფელი აქვს დაკავებული
კურსკის გუბერნატორის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოლქის 28 სოფელი აქვს დაკავებული. ეს განცხადება კურსკის ოლქის გუბერნატორმა რუსეთის პრეზიდენტთან თათბირის დროს გააკეთა.
ალექსეი სმირნოვის თქმით, სიტუაცია რეგიონში რთული რჩება. მისივე ცნობით, უკრაინელები კურსკის ოლქში 12 კილომეტრზე არიან შეჭრილები, ხოლო ფრონტი 40 კილომეტრზეა გაშლილი.
სმირნოვის განცხადებით, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რჩება რუსეთის 2000 მოქალაქე და მათი მდგომარეობის შესახებ ადგილობრივ მთავრობას ინფორმაცია აქვს.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია 121 ათასზე მეტი ადამიანი და სხვადასხვა სოფლებიდან მოქალაქეთა გაყვანა გრძელდება. ამასთან, როგორც კურსკის გუბერნატორი ამბობს, 6 აგვისტოდან დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად სულ დაღუპულია რუსეთის 12 მოქალაქე, ხოლო 121 დაშავებულია.