„კურაციოს“ აღმასრულებელი დირექტორი - საქართველო არის უპირატეს მდგომარეობაში, არ გვქონია ეპიდემიის აფეთქება
რამდენად ეფექტურად იყო გატარებული ღონისძიებები, ამას თავად ციფრები ცხადყოფს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გოცაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილეს ჰოსპიტალური სექტორის მომზადების საკითხი და შეფასდა მოსალოდნელი დატვირთვები.
„საქართველო არის უპირატეს მდგომარეობაში სხვა ქვეყნებთან, იმიტომ, რომ ამდენი ხანი მოვიგეთ, ამდენი ხანი არ გვქონია ეპიდემიის აფეთქება, ისე, როგორც ჰქონდა იტალიას, აქვს შვეიცარიას საფრანგეთს, და ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანას. ეფექტურობაზე და შედეგებზე თავად ციფრები საუბრობენ. მთავარია ახლა შემდეგი ეტაპებისთვის ადეკვატური მომზადება და ერთ-ერთი, რაზეც ვისაუბრეთ, იყო ჰოსპიტალური სექტორის მომზადების საკითხი და აქ იყო გარკვეული მოდელირება, რომ მოსალოდნელი დატვირთვები შეგვეფასებინა, რა შეიძლება იყოს და რა ვადაში“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.
მისი თქმით, თვალნათლივ ჩანს, რომ ქვეყანაში დისტანცირებისა და თვითიზოლაციის მექანიზმი მუშაობს.
„ქალაქში რომ გაიაროთ, ნახავთ, თვითიზოლაციის, სოციალური დისტანცირების მექანიზმი მუშაობს. ეს ეტყობა ქუჩაში მანქანების და ადამიანების რაოდენობას. საზოგადოება ამას ასრულებს. რა თქმა უნდა, გვაქვს გამონაკლისები“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.