კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტთა ბანაკში ხანძრის გამო, საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვნებს ევროკავშირის 10 ქვეყანა მიიღებს
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტთა ბანაკში ხანძრის გამო, საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვნებს ევროკავშირის 10 ქვეყანა მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბანაკში, სადაც 13 000-მდე მიგრანტი ცხოვრობდა, ხანძარი 9 სექტემბერს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 400-მდე ბავშვი თანმხლების გარეშე დარჩა. როგორც „ბიბისი“ წერს, სულ 400 არასრულწლოვნია. 100-დან 150-მდე ბავშვს გერმანია და საფრანგეთი მიიღებენ, ნიდერლანდები 50 მიგრანტზე აიღებს პასუხისმგებლობას, ხოლო ფინეთში 11 მათგანი მოხვდება. სხვა წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გერმანიაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი მიგრანტების მიღებას შვეიცარია, ბელგია, ხორვატია, სლოვენია, ლუქსემბურგი და პორტუგალიაც გეგმავენ.
ადგილობრივმა მთავრობამ ლესბოსზე სპეციალური ჯგუფი გააგზავნა, რათა ბანაკის პრობლემის მოგვარება ლოკალურად მომხდარიყო, თუმცა მიგრანტები ახალი ბანაკის აშენებას ეწინააღმდეგებიან.
ლესბოსზე მდებარე მორიას მიგრანტთა ბანაკს 13 000-მდე ადამიანი აფარებს თავს, რაც მის ტევადობას ოთხჯერ აღემატება. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიგრაციულ ცენტრში სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ზომების დაცვა შეუძლებელია.