კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის საუკეთესო მომენტებს შორის ქართველი სტუდენტების პროექტი მოხვდა

ევროკავშირის პროგრამის Creative Europe-ის ოფიციალურ facebook გვერდზე, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის საუკეთესო მომენტებს შორის ქართველი სტუდენტების მიერ მომზადებული პროექტი მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის „სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ფარგლებში, სტუდენტებმა პეტრე ოცხელის შესახებ ვიდეოკლიპი მოამზადეს.

„წლის საუკეთესო მომენტების გახსენებისას, ევროკავშირის პროგრამამ – Creative Europe, სწორედ, „სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობისთვის” გამოარჩია და საკუთარ გვერდზე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის მედია ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული ერთ-ერთი ვიდეო რგოლი „ქართული თეატრალური მემკვიდრეობა – პეტრე ოცხელი“ განათავსა“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

Creative Europe ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 1.46 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამის მიზანი კულტურული და შემოქმედებითი სექტორების განვითარებაა.

Creative Europe 2014 წელს დაიწყო და პროგრამა 2020 წლამდე გაგრძელდება.

2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. საქართველო ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ოფიციალურად ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ევროპის 10 ინიციატივის მიხედვით, მთელი წლის მანძილზე ახორციელებდა მიზანმიმართულ შემეცნებით კამპანიას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.