კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობაზე ჯარიმები შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმების ზრდაზე კანონპროექტი შემუშავდა, რომელიც დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, ჯარიმები I და II კლასის შემთხვევაში, დაახლოებით, სამჯერ, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში, ხუთჯერ იზრდება.
„2017 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ადგილობრივ ხელისუფლებაში, მაშინვე დავიწყეთ ზრუნვა ამ მიმართულებით. გავამკაცრეთ რეგულაციები და ჯარიმები, რაც მტკივნეული იყო, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ბიზნესს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, ხელს ვუწყობთ, მაგრამ ქალაქის იერსახის, ისტორიული ძეგლების განადგურების ხარჯზე ამას ვერ და არ დავუშვებთ. 2018 წელსვე მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გავზარდეთ სანქციები. უფრო მეტიც, მოგვიანებით კვლავ მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. მიუხედავად ამისა, დაწესებული სანქციები, რიგ შემთხვევებში, მაინც ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი ბერკეტი ზოგიერთი მშენებელი კომპანიისთვის და მსგავსი ტიპის სამართალდარღვევებს, სამწუხაროდ, კვლავ ვაწყდებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდეს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს პარლამენტთან, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმების გაზრდას – I და II კლასის შემთხვევაში, დაახლოებით, სამჯერ, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში, ხუთჯერ გაზრდას“, – განაცხადა კახა კალაძემ.