კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, განათება, რომელიც გელათის აბსიდის ფრესკას აზიანებდა, მოხსნილია
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც გელათის მთავარი ტაძრის აბსიდის ფრესკაზე დამონტაჟეული განათებაა აღბეჭდილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტომ რეაგირება უსწრაფესად მოახდინა და განათების დემონტაჟი განახორციელა.
„2018 წლის 7 იანვარს სოციალური ქსელის მეშვეობით, საჯარო ჯგუფში “ხელოვნების ისტორიკოსები” ბატონმა Nikoloz Nikolozishvili -მა განათავსა ფოტოსურათი, სადაც ასახულია, როგორ აზიანებს გარე განათება გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის აბსიდის ფრესკას. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მალევე მოახდინა რეაგირება და ადგილობრივ ეპარქიასთან შეთანხმებით, აღნიშნული განათება დღეს მოიხსნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას და მოვლა-პატრონობას ეხება და ქმედითი რეაგირებისკენ გვიბიძგებს. ამავდროულად, მადლობას ვუხდით ბატონ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს სამოქალაქო აქტიურობისათვის. გვინდა, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ სააგენტო ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე ყოველთვის მზადაა სათანადო რეაგირებისთვის და ის მუდამ ღია რჩება საზოგადოებრივი თანამშრომლობისათვის“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.