კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სააგენტო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვას არ გასცემს, სრულყოფილი დოკუმენტაცია არ რჩება რეაგირების გარეშე
სიცრუეა ტელევიზიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვას არ გასცემს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სააგენტო მაქსიმალურად უწყობს ხელს არქეოლოგიის განვითარებას და ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც მხოლოდ 2023-2024 წელს გაცემული 90-ზე მეტი ნებართვა არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად.
„ასევე, აღვნიშნავთ, რომ სააგენტოში წარმოდგენილი არქეოლოგიური კვლევის ნებართვის მისაღებად საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაცია არასდროს რჩება რეაგირების გარეშე და თუ მოთხოვნა მართლზომიერია, ნებართვა ყოველთვის გაიცემა.
ინფორმაციისთვის: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება სურს მოქალაქე გიორგი ბიძინაშვილს, სახელმწიფომ სარგებლობის უფლებით გადასცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და სწორედ სააგენტო გეგმავს იქ არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებას.
ამასთან, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე 2021-2022 წელს არქეოლოგიური კვლევა-ძიების ჩასატარებლად საჭირო მიწის სამუშაოების დასაწყებად გაცემულია რამდენიმე ნებართვა, მათ შორის – თავად გიორგი ბიძინაშვილის სახელზე, ხოლო 2023 წელს, მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული ტერიტორია სახელმწიფოსგან სარგებლობის უფლებით გადაეცა სააგენტოს, ორგანიზაციამ თავად დაგეგმა აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, რაც მისი ერთ-ერთი ფუნქცია და უფლებამოსილებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.