კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„რამდენიმე მედიასაშუალება ცდილობს, გაავრცელოს დეზინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს.
საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სიცრუეა, თითქოს ობიექტის ამ ფორმით კონსერვაცია უსახსრობის გამო მოხდა. პროცესი თავად მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა. ასევე განვმარტავთ, რომ ვინაიდან არქეოლოგიური ობიექტის ღია ფორმით შენარჩუნება მისი დამცავი კონსტრუქციის სახით, გელათის ტერიტორიაზე ახალი სივრცის გაჩენას გამოიწვევდა, 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, მათ შორის, გელათის კომპლექსზე გამოვლენილ არქეოლოგიურ ობიექტებზე ნებისმიერი ჩარევის საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ განიხილება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მრჩეველ უწყებებთან, კერძოდ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციასთან (იუნესკო) და მის მრჩეველ ორგანიზაციებთან. მათივე ცნობით, კულტურული ფენების კონსერვაციას არქეოლოგიური ობიექტებისთვის დაცვის გარანტიების შექმნაც დაედო საფუძვლად, რაც გელათის მონასტრის მთავარ ტაძარსა და წმინდა გიორგის ეკლესიაზე 2021 წელს დაგეგმილ კვლევით და ფიზიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
„ამავდროულად, განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის საძირკველსა და სტრუქტურას, ვინაიდან არქიტექტურულ ძეგლთან უშუალო სიახლოვეს მდებარე არეალში ნალექი უხვად კონცენტრირდებოდა. ინფორმაციისთვის, ამ დრომდე წმ. გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და მოძრავი არტეფაქტები დაფიქსირდა.
არქეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლინდა ახალი წელთაღრიცხვის მე-2, მე-3 საუკუნეების ქვევრსამარხი. გაითხარა ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა. სამეცნიერო გათხრებისას აღმოჩნდა დაახლოებით მე-13, მე-14 საუკუნეების ღვარსადენის ნაშთები და მე-17, მე-18 საუკუნეებში ახლად აგებული დაკირულქვევრებიანი მარანი. ისტორიული არქიტექტურული ნაგებობები 1510 წელს თურქთა შემოსევის შედეგად ნანგრევებად იქცა და მონასტრის აღმოსავლეთის კარიბჭის დონეზე ნიველირდა“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
📍საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება გელათის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას…
Posted by საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა on Sunday, April 18, 2021