კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - ერეკლე ბატონიშვილის სასახლის ვიტრაჟებზე ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება
თელავის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე ერეკლე ბატონიშვილის სასახლის ძველი ვიტრაჟების უმეთვალყურეოდ მიტოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ის მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ასე ეხმაურება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თელავის ისტორიის მუზეუმთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას და ფოტოებს.
სააგენტოს ცნობით, ვითარება გადამოწმდა და დადგინდა, რომ თელავის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესის შედეგად, ერეკლე ბატონიშვილის სასახლის ფასადებიდან ჩამოხსნილი ვიტრაჟები ნაგებობის სარდაფშია დასაწყობებული და მათი დაზიანების რისკი არ არსებობს.
სააგენტოს სპეციალისტების შეფასებით, ფერადად შემინული ხის ვიტრაჟების უმეტესობა, რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდეც მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო, შესაბამისად, სარეაბილიტაციო ობიექტზე მათი შენარჩუნება მიზანშეწონილი არ იყო.
„საექსპერტო შეფასებით, ვიტრაჟების დარჩენილ ნაწილს კი, სრულად ჰქონდა დაკარგული ფიზიკური მდგრადობა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ XX საუკუნის საბჭოურ წლებში ბატონიშვილის სასახლეზე ჩატარებული სარეაბილიტაციო პროექტის მსვლელობისას გამოცვლილი ვიტრაჟები კონსტრუქციულად არ შეესაბამებოდა ავთენტურ წყობას, რამდენადაც ისინი ერთშრიანი შემინვით იყო დამზადებული“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ახალი ვიტრაჟები სპეციალისტების დასკვნების მიხედვითაა აწყობილი და შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.
ერეკლე მეორის სასახლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა იყო.
„მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, ბატონის სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით ჩატარდა. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა. სასახლის ტერიტორიაზე დამონტაჟდა აივნების სვეტები, ჩატარდა კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. დამონტაჟდა ვიტრაჟები და გარე განათება. სასახლის რეაბილიტაცია 1 871 893 ლარი დაჯდა“, – აღნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში.