კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო სადგერის წმინდა გიორგის ეკლესიის საკითხს ეხმაურება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო, სოციალურ ქსელში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სადგერის წმინდა გიორგის ეკლესიის საკითხს ეხმაურება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ეკლესიის გადახურვა სააგენტოს ნებართვის გარეშე მოხდა.
პროცესი ახალი არ არის, თუმცა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქამდე არ ჰქონდათ.
„პირველ რიგში, ძეგლი არა მეშვიდე, არამედ მეთხუთმეტე საუკუნისაა. არქივში გადავამოწმეთ მონაცემები და 1957 წლის ფოტოზე ტაძარს უკვე ახურავს რუსული კრამიტის სახურავი. როგორც ფოტოზე ჩანს, გადახურვა არის ცუდ მდგომარეობაში. როგორც ჩანს, ეკლესია გადახურულა შემდეგაც, რადგან 1986 წლის ფოტოზე, სახურავის უკეთესი მდგომარეობაა. უკვე 1989 წლის ფოტოებზე კი შეცვლილია ქართული კრამიტით. არსებობს 2011 წლის კადრები, რომელშიც ჩანს, რომ კრამიტი არის თუნუქით შეცვლილი. 1957 წლიდან მოყოლებული 2011 წლამდე, სახურავად ლორფინი არ ყოფილა გამოყენებული. როგორც ჩანს, იგი მეცხრამეტე საუკუნემდე იყო გამოყენებული. შეცვლის დროს შეიძლებოდა მომხდარიყო მათი დაგება იატაკზე. რამდენადაც ფოტოებიდან ჩანს, იატაკი ახალი გაკეთებული არ არის. რაც შეეხება ახალ გადახურვას, ნებართვების სამსახურს 2010 წლიდან ვკურირებთ და ასეთი ნებართვა ჩვენთან არ ფიქსირდება. ეს იყო სააგენტოსთან შეუთანხმებელი სამუშაო“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ქეთევან დიღმელაშვილმა პირველ არხთან საუბრის დროს.
სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი უახლოეს მომავალში ადგილზე ჩასვლას და საკითხის გარკვევას გეგმავს.
სააგენტოს ამ ფაქტზე რეაგირება მხოლოდ გაფრთხილებით შეუძლია.
ქეთევან დიღმელაშვილის განცხადებით, „სამწუხაროდ, ვერ აღვძრავთ საქმეს, რადგან სასულიერო პირებზე კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას, მაგრამ აუცილებლად მივმართავთ ეპარქიას და მონასტრის სამღვდელოებას, რათა მომავალში აღარ მოხდეს ძეგლის ინტერესების დარღვევა“.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ერვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით კი, ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ სააგენტო ინფორმირებული არ ყოფილა.
„მონიტორინგის ჯგუფს უკვე დაევალა ადგილზე ჩასვლა და მდგომარეობის დეტალურად შესწავლა, რის შემდეგაც უფრო დეტალურად საუბრის საშუალება გვექნება“, – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
სადგერის წმინდა გიორგის ეკლესიის ფოტოები სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნესტან ბლუიშვილმა გაავრცელა.