კულტურის სფეროს წარმომადგენლების საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, თბილისის მერიას 400 ათასი ლარი გამოეყოფა
კულტურის სფეროს წარმომადგენლების საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, თბილისის მერიას 400 ათასი ლარი გამოეყოფა.
აღნიშნულის შესახებ განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გააკეთა.
მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„მივიღეთ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, რათა ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის სფეროში მოღვაწეები, მუსიკოსები, რომლებიც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას მოკლებული არიან.
იცით, რომ თბილისის მერია გეგმავს სხვადასხვა საახალწლო საკონცერტო პროგრამას, რა თქმა უნდა, უსაფრთხო რეჟიმში, მაყურებლის გარეშე, რომელიც გადაიცემა ტელევიზიით. ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც გაუხარდება კულტურის ძალიან ბევრ მოღვაწეს ამ რთულ ვითარებაში, ვინც დაზარალდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.