კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფელ მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის აღდგენის პროექტირება დასრულდა და მისი რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, აბაშის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სოფელ მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება, რის შემდეგაც ის თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წლის დეკემბერში შედგა მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი, რისთვისაც სამინისტრომ 133 331 ლარი გაიღო. პროექტირების სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად კულტურის სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება.
შესაბამისი ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1 248 365 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაციის (პირველი ეტაპი) ფარგლებში ჩატარდება დაშლითი და გაწმენდითი სამუშაოები (სახურავი, გადახურვის კონსტრუქციები, იატაკი, ტიხრები, გვიანდელი მიშენებული შენობა, ეზოში არსებული საპირფარეშო და სხვა), ასევე, შენობა-ნაგებობების საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, სცენის რკინა-ბეტონის კონსტრუქციებისა და ფლიგელის მიშენების სამუშაოები, იატაკების შიდა სამუშაოები, მზიდი კედლების გამაგრება გულანებისა და სარტყლის მოწყობით, შენობა-ნაგებობების სახურავის მოწყობისა და სარემონტო სამუშაოები, შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის და საინჟინრო-კომუნალური შიდა ქსელების მოწყობა, შენობა-ნაგებობების შიდა მოპირკეთების სამუშაოები“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად სრულად შენარჩუნდება და აღდგება შენობის ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული ელემენტი და მხატვრული დეკორი. აღსანიშნავია, რომ სოფელ მარანში მდებარე უნიკალური კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია 2021 წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის აბაშის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას გადაწყდა. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას პირადად აცნობა, რომ კულტურის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან მგალობლიშვილის ინიციატივა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოფელ მარნის კულტურის სახლის აღდგენის შესახებ. უნიკალური შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი კი ამ დაპირების შესრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ინფორმაციისთვის, სოფელ მარნის კულტურის სახლი აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, სოფელ მარნის აღმოსავლეთ განაპირას, მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირთან. 1980-იან წლებში განხორციელებული კაპიტალური რემონტისა და გადაკეთების გამო, XX საუკუნის დასაწყისის შენობისგან ამჟამად მხოლოდ მოზაიკის იატაკი და ნალესობით დაფარული აგურის წყობაა შემორჩენილი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კლუბი, მოზრდილი სცენით, სადაც თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა და კინო-ფილმების ჩვენებები ეწყობოდა. კედლებსა და ჭერში მუზები არიან გამოსახულნი. ერთ-ერთ ნახატზე მითითებულია ავტორი – იური ფიფია (1988 წ.), ხოლო მეორე, დაზიანებული ნუსხური წარწერა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს: „დალოცვილ იყოს მათი მარჯვენა რომელთა მეცადინეობით დამშვენდა სახლი ესე შიგნით და გარეთ. ხელმძღვანელები – რომან კიზირია და გიორგი დონდუა. არქიტექტორი – ვალერი ნოდია. მხატვრები – ბონდო ტკვაცირია და იური ფიფია ათას ცხრაას ოთხმოცდარვა წელს ქრისტეს დაბად“.