კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელოვნების მუზეუმში რეორგანიზაცია დასრულდა
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში დასრულდა რეორგანიზაცია, რომელიც 2021 წლის წლის 6 დეკემბერს დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება ახალი საშტატო განრიგი.
„რეორგანიზაციის შედეგად, ნაცვლად მუზეუმის ფონდებში არსებული ცხრასაფეხურიანი თანამდებობრივი პირამიდისა (ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი ასისტენტი, სპეციალისტი, ასისტენტ – კურატორი, კურატორი, უფროსი კურატორი, მთავარი კურატორი) დამტკიცდა მოქნილი და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული ოთხსაფეხურიანი საშტატო განრიგი – ასისტენტი, უფროსი ასისტენტი, კურატორის მოადგილე და კურატორი.
შტატში არსებული ტექნიკური პოზიციები (დურგალი, ელექტრიკოსი, ტექნიკური სპეციალისტი, მოლარე და სხვ.) გარდაიქმნა შტატგარეშე პოზიციებად, ხოლო საშტატო ნუსხაში დარჩა საფონდო, სარესტავრაციო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, საგამოფენო და ადმინისტრაციული საქმიანობის განმახორციელებელი პოზიციები“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
მათივე ცნობით, ახალი საშტატო განრიგის მიხედვით, ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, გია მარსაგიშვილი, იმავდროულად გახდა ოქროს ფონდის კურატორი, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საგანძურის სტატუსს და მის წინაშე არსებული გამოწვევების მნიშვნელობას. ამასთან, გაერთიანდა მუზეუმის ის ფონდები, რომელთა კოლექციებიც შინაარსობრივად მსგავსი და ერთმანეთის მომიჯნავეა.
„რეორგანიზაციის შედეგად, მუზეუმთა ჯგუფში 175-დან 146-მდე შემცირდა საშტატო პოზიციები, რის შედეგადაც მოხერხდა დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილისთვის ხელფასების ზრდა. ეს პროცესი არ შეხებიათ მუზეუმის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს (რომელიც ოქროს ფონდს არ კურირებს).
მიუხედავად იმისა, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ხელფასების ზრდა გახდა შესაძლებელი, მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მიღწეული ხელფასები კვლავ არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტს და გეგმავს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, 2021 წლის მარტის თვიდან, ხელფასების შემდგომი მატების უზრუნველყოფას“, – აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება ამჟამად განხორციელებულ ცვლილებებს, სამინისტროს ცნობით, შედეგად:
„ახალი საშტატო განრიგის მიხედვით, ლაბორანტისა და უფროსი ლაბორანტის არსებული 500 და 520-ლარიანი პოზიციების ნაცვლად, შეიქმნა ასისტენტის 650-ლარიანი პოზიცია;
ასისტენტის არსებული 460-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ასისტენტის 650-ლარიანი პოზიცია;
უფროსი ასისტენტის არსებული 580-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა უფროსი ასისტენტის 750-ლარიანი პოზიცია;
ასისტენტ – კურატორის არსებული 620-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა კურატორის მოადგილის 800-ლარიანი პოზიცია;
კურატორისა და უფროსი კურატორის 700 და 820-ლარიანი პოზიციების ნაცვლად, დამტკიცდა 850-ლარიანი კურატორის პოზიცია;
სარესტავრაციო განყოფილების რესტავრატორის არსებული 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა რესტავრატორის 800-ლარიანი პოზიცია;
სარესტავრაციო განყოფილების ასისტენტ-კონსერვატორის არსებული 620-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ასისტენტ-კონსერვატორის 700-ლარიანი პოზიცია;
საგამოფენო განყოფილებაში ზედამხედველის არსებული 500-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა ზედამხედველის 550-ლარიანი პოზიცია;
საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის კურატორის 550-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის კურატორის 700-ლარიანი პოზიცია;
საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის უფროსი კურატორის 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის უფროსი კურატორის 800-ლარიანი პოზიცია;
საგამოფენო განყოფილებაში არსებული სივრცის მთავარი კურატორის 820-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა სივრცის მთავარი კურატორის 950-ლარიანი პოზიცია;
სამეცნიერო – საგანმანათლებლო განყოფილებაში არსებული მეცნიერ-თანამშრომლის 700-ლარიანი პოზიციის ნაცვლად, დამტკიცდა მეცნიერ-თანამშრომლის 800-ლარიანი პოზიცია“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.