კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართება
კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება.
რესპუბლიკის მოედანზე გალაკონცერტის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიება 20:00 საათიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხის 1 000-მდე წარმომადგენელი მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი პროგრამა სრულად ეთმობა ფოლკლორს. ღონისძიება „თბილისის ქალთა გუნდის“ მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება. მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „ერისიონი“, ,,რუსთავი“, „ჩაკრულო“, „შილდა“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ასევე, „ბასიანი“, „ნართები“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“ და აჭარის ანსამბლი „არსიანი“. გალაკონცერტი „მრავალჟამიერით“ დასრულდება, რომელსაც შეასრულებენ პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“, ანსამბლი „მძლევარი“ და სალოტბარო სკოლების მოსწავლეები მთელი საქართველოდან.
დილით ქვეყნის მთავარ მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. წვევამდელები ფიცს ერთდროულად ქვეყნის ექვს ქალაქში დადებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე მთელი დღის მანძილზე გაიმართება კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები, 17:10 საათზე კი, იმ დროს, როდესაც ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს ყველა ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო ჰიმნი აჟღერდება.
მასშტაბური ღონისძიებები ქვეყნის 18 ქალაქში გაიმართება. წელს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს პირველად ხვდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით. წლევანდელი 26 მაისის მთავარი კონცეფციაა „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან – 106, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან კი 33 წელი გავიდა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.