კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერის კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა
კულტურის სამინისტრომ კონკურსის „ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი – „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ გამარჯვებული გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი – „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. ეს არის „შიდა ქართლის საზღვრისპირა კულტურის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ – განმახორციელებელი ფ/პ ბადრი ვადაჭკორია.
გამარჯვებული ფოტოგრაფი პროექტის ფარგლებში, გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 43 სოფელში, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტის 21 სოფელში (ახალუბანი, ბერშუეთი, არბო, ბროწლეთი, აძვი, ახრისი, დიდი მეჯვრისხევი, დიდი ხურვალეთი, დიცი, ზარდიანთ კარი, ზემო ნიქოზი, ზეტი, კარბი, კირბალი, მერეთი, მეღვრიკისი, ზემო სობისი, ფლავი, ქორდი, პატარა მეჯვრისხევი, ჯარიაშენი), კასპის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში (ახალშენი, გორაკა, ვაკე, საკორინთო, პანტიანი, ქვემოჭალა, ხვითი), ხაშურის მუნიციპალიტეტის 4 სოფელსა (ზემო ბროლოსანი, კლდისწყარო, ქვემო ბროლოსანი, ნაღვლი) და ქარელის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში (აბანო, ავლევი, ატოცი, ბრეძა, დვანი, დირბი, თამარაშენი, კნოლევი, ტახტის ძირი, ცერონისი, ჭვრინისი) კულტურული მემკვიდრეობის 50 ძეგლის ფოტოფიქსაციას განახორციელებს. კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს ორმა განმცხადებელმა მომართა.
2022 წელს გამოცხადებული ეს კონკურსი განსხვავებულია იმით, რომ კონკურსის მონაწილეებისგან სამინისტრო კონკრეტულად შიდა ქართლის რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიულ აღწერას ითხოვდა“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
უწყების ცნობით, გამარჯვებული პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება კულტურული მემკვიდრეობის სისტემატიზებული ფოტომასალა, რომელშიც ასახული იქნება ხუროთმოძღვრული ძეგლის მახასიათებელი მხატვრულ-სტილისტიკური ნიშნები, რომლებიც შემდგომში დოკუმენტურ მასალად გამოიყენება მოულოდნელი სტიქიური თუ ხელოვნური ჩარევების შედეგად დაზიანებული ხუროთმოძღვრული ძეგლების/ანსამბლების სარესტავრაციო-საპროექტო დოკუმენტაციის შესაქმნელად.
„ინფორმაციისთვის, 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ამავე დასახელებისა და მიზნების კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს, დაფინანსდა 5 პროექტი, რომლებმაც 20 ლოკაცია მოიცვა. შედეგად, განხორციელდა შემდეგი ძეგლების ფოტოფიქსაცია: 1. შიდა ქართლსა და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების კულტურული მემკვიდრეობის 20 ძეგლის 100 ფოტო; 2. გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 15 ძეგლის 300 ფოტო; 3. ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას მიერ აჭარის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის კულტურული მემკვიდრეობის 25 ძეგლის 1629 ფოტო; 4. ვანის ქვაბებისა და თმოგვის ციხე-ქალაქის ეკლესიებისა და გამოქვაბულების 100-ზე მეტი ფოტო; 5. ფოტოგრაფ მინდია ჩარქსელიანის მიერ ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის 104 ძეგლის 1400 ფოტო“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.