კულტურის სამინისტრომ კონსერვატორიისთვის რამდენიმე როიალი შეიძინა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 50 წელზე მეტია, რაც სახელმწიფოს მიერ კონსერვატორიის როიალების ფონდი არ განახლებულა.
„კონსერვატორიის სტუდენტთა და პედაგოგთა სხვადასხვა თაობის ნახევარსაუკუნოვანი ოცნება ასრულდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოფხვრაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. 2022 წლის 14 სექტემბერს, კულტურის სამინისტრომ მსოფლიოში აღიარებული მწარმოებლისაგან, „სტეინვეი ენდ სანს“ (STEINWAY & SONS), მიიღო როიალების პირველი ნაწილი (ცხრა ერთეული), რაც გზას უხსნის მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ რვა როიალისა და, ასევე, შეკვეთის დანარჩენი ნაწილის (ჯამში – სტეინვეის ფირმის 78 სხვადასხვა მოდელის როიალი) ეტაპობრივად მოწოდებასა და კონსერვატორიისათვის გადაცემას 2025 წლის ბოლომდე. 50 წელზე მეტია, რაც სახელმწიფოს მიერ კონსერვატორიის როიალების ფონდი არ განახლებულა. მოცემული საკითხის გადაჭრის ინიციატივით, 2021 წელს, გამოვიდა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
კომპანია სტეინვეისთან მოლაპარაკებებს სათავეში მინისტრის პირველი მოადგილე, კახა სიხარულიძე ჩაუდგა. მოლაპარაკებების დაწყებას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი ქართველ-ამერიკელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა, ცნობილმა ხელოვანმა, გიორგი ლაცომ. წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, კულტურის სამინისტროს მიერ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან გაფორმდა რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კონსერვატორიას გადაეცემა ჯამში 78 როიალი, აქედან: – 17 როიალი – 2022 წელს; – 61 როიალი – 2023-2025 წლებში, კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული მოდელებისა და ოდენობების მიხედვით ყოველწლიურად.
შეკვეთილი როიალები სხვადასხვა დანიშნულების იქნება. ამჟამად მიღებული როიალებიდან ხუთ სამუშაო, ორი ნახევრადსაკონცერტო და ორი – კამერული ანსამბლისთვისაა. ამასთან, დადებული ხელშეკრულების თანახმად, როიალების მოწოდებასთან ერთად, კომპანია იღებს ვალდებულებას, საქართველოში პერიოდულად კომპანიის ინჟინრები გამოაგზავნოს, რომლებიც, როგორც როიალების მოწოდებისას, ასევე შემდგომ, უფასოდ უზრუნველყოფენ ინსტრუმენტის გამართვას (აწყობა) და ტექნიკურ შემოწმებას. ისინი, ასევე, უფასოდ უზრუნველყოფენ ადგილობრივი სპეციალისტების (ამწყობი) მომზადება/გადამზადებას. ცნობილია, რომ ამწყობის პროფესია, არაერთი წელია, საქართველოში დეფიციტს წარმოადგენს“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
„სტეინვეის კომპანიის მრავალწლიან ისტორიაში, მოცემული შესყიდვა უპრეცედენტოდ ითვლება ევროპის მასშტაბით, რაც ბუნებრივიცაა, ვინაიდან საქართველოს მოცემული შესყიდვების მიმართულებით 50-წლიანი წყვეტა ჰქონდა. ამ პერიოდში, ჩვენი ქვეყანა და თაობები ნგრევის, ოკუპაციის, არაერთი ომის, სამოქალაქო დაპირისპირებისა და მძიმე წლების მომსწრენი შევიქენით და მუსიკალური ინსტრუმენტების ფონდის შესავსებად, რასაკვირველია, ვერც მოვიცლიდით. ახლა, დადგა დრო, რომ სახელმწიფომ მუსიკოსთა მრავალი თაობის ოცნება აასრულოს და მათ საჭიროებებს სათანადოდ უპასუხოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„სტეინვეისთან წარმატებული და სახელმწიფო ინტერესზე მორგებული მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოში ასევე აღიარებულ მწარმოებელთან, ბეხშტაინთან (C. BECHSTEIN), ვინაიდან, სამწუხაროდ, მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი არა მხოლოდ კონსერვატორიას, არამედ ნიჭიერთა ათწლედს, ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლებელს, საოპერო თეატრებსა და ჩვენს ორკესტრებსაც აწუხებთ. ვფიქრობთ, ამ ორ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, შევძლებთ, რომ მომავალ თაობებს სახელოვნებო განათლების მიღებისათვის სათანადო პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტის მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სსიპ ე. მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (სადაც, მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვა, ბოლოს, გასული საუკუნის 70-იან წლებში განხორციელდა), სსიპ გორის სამუსიკო კოლეჯში (1971 წლის შემდგომ, კოლეჯს ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია), სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელსა (სამოციანი წლების შემდგომ, ინსტრუმენტები არ განახლებულა) და საქართველოს სხვა სახელოვნებო სასწავლებლებში. რაც შეეხება სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელს – „ნიჭიერთა ათწლედი“, ბოლო 50 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს დახმარებით ინსტრუმენტების ბაზა არც იქ იყო განახლებული. ამიტომ, შარშან, 2021 წლის ოქტომბრის თვეში, კულტურის სამინისტროს მიერ სასწავლებლისთვის შეძენილ იქნა სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტები: როიალი STEINWAY & SONS (Essex Piano), ფლეიტა, საყვირი, ტრომბონი, კლასიკური გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ქსილოფონი და ვალტორნა. მიუხედავად ამისა, ნიჭიერთა ათწლედში ინსტრუმენტების დეფიციტი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.