კულტურის სამინისტრომ „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ დააფუძნა
კულტურის სამინისტრომ „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ დააფუძნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ დააფუძნა.

კონკურსის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელ ვახტანგ კახიძესთან ერთად. კონკურსს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ჩაატარებს.

სამინისტროს მიერ კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 65 000 ლარს. კულტურის სამინისტროს ცნობით, მისი მიზანია ეროვნული საკომპოზიტორო ხელოვნების განვითარება და კომპოზიტორთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე კომპოზიტორებს. წელს პირველად, კონკურსი ჩატარდება შემოდგომაზე. „კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსი“ 2 ასაკობრივი ჯგუფისთვის – 17-დან 25 წლის ჩათვლით ასაკის პირებისთვის და 25 წელს ზემოთ პირებისთვის ჩატარდება.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოცემული და/ან შესრულებული კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არ იქნება განხილული, ან მოიხსნება კონკურსიდან ფაქტის გამოვლენისთანავე.

„კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის“ ფარგლებში მუსიკალური ნაწარმოებები შემდეგ მუსიკალურ კატეგორიებში მიიღება: 1. კამერული მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება სოლოინსტრუმენტისთვის; კამერული ანსამბლისთვის და კამერული ორკესტრისთვის; 2. საგუნდო-ვოკალური მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება გუნდისთვის ან ვოკალისთვის (თანხლებით, ან თანხლების გარეშე); 3. სიმფონიური მუსიკის კატეგორიაში საკონკურსოდ ნაწარმოები მიიღება სიმფონიური ორკესტრისთვის (შესაძლებელია სოლოინსტრუმენტების, ვოკალის ან გუნდის მონაწილეობით).

კამერული მუსიკის კატეგორიაში დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები: ა) I პრემია – 2000 ლარი; ბ) II პრემია – 1500 ლარი; გ) III პრემია – 1000 ლარი.

საგუნდო/ვოკალური მუსიკის კატეგორიაში დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები: ა) I პრემია – 2000 ლარი; ბ) II პრემია  – 1500 ლარი; გ) III პრემია – 1000 ლარი.

სიმფონიური მუსიკის კატეგორიაში დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები: ა) I პრემია – 5000 ლარი; ბ) II პრემია – 3000 ლარი; გ) III პრემია – 2000 ლარი.

„ვინაიდან კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოცემული და/ან შესრულებული კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე, საკონკურსო განაცხადების მიღება კულტურის სამინისტროში დაიწყება 2022 წლის 20 სექტემბრიდან 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. ამით კომპოზიტორებს ეძლევათ საკმარისი დრო განაცხადის მოსამზადებლად. შემოსული განაცხადები გადაეცემა სსიპ ჯანსუღ კახიძის სახელობის  მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს, რომელიც შექმნის ჟიურის და გამოავლენს კონკურსში გამარჯვებულებს.

ინფორმაცია გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 15 დეკემბრისა“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.