კულტურის სამინისტრომ ფოლკლორულ ანსამბლ „ჩვენებურებს“ საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 20-წლიანი ისტორიის მქონე ფოლკლორულ ანსამბლს „ჩვენებურები“ საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ანსამბლის წევრები, ასევე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე – გიორგი გაბუნია ესწრებოდნენ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე კულტურის მინისტრმა სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე. კერძოდ, მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაზე.
კულტურის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფოს მხრიდან ანსამბლების სამოსით უზრუნველყოფა დაახლოებით 15 წელია, არ მომხდარა, რის გამოც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბერში გამოყოფილ იქნა 197 999 ლარი და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 12 სხვადასხვა ანსამბლის ხელოვანებს მათ საჭიროებაზე მორგებული სასცენო სამოსი და აქსესუარები ექნებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკის“ მიერ, ამჟამად, სამინისტროს ეტაპობრივად ბარდება სასცენო სამოსი 12 სხვადასხვა ანსამბლისთვის. პროექტის ფარგლებში ჯამში გათვალისწინებული იყო 70 კაბისა და 277 ჩოხის კომპლექტის დამზადება.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპისთვის სასცენო სამოსი გადაეცათ ანსამბლებს: „სახიობა“, მგალობელ-მომღერალთა გუნდს „დიდგორი“, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ჯგუფს „ძირიანი“. სასცენო სამოსის გადაცემა პირველი ტენდერის ფარგლებში სხვა ანსამბლებისთვის ეტაპობრივად განხორციელდება და წლის ბოლომდე დასრულდება.
ამასთან, სამინისტრომ მიმდინარე წლის 8 ივნისს ფოლკლორული ანსამბლებისათვის სასცენო სამოსის შეძენის მიზნით მეორე ტენდერი გამოაცხადა და ამისათვის დამატებით 141 000 ლარი გამოყო. სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერის შედეგად ახალი სასცენო სამოსი კიდევ რვა ფოლკლორულ ანსამბლს გადაეცემა.
ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“ (ხელმძღვანელი – გიორგი გობეჯიშვილი) 2001 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ანსამბლი არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა თუ კონცერტის მონაწილე და მასპინძელი იყო. სხვადასხვა წლებში „ჩვენებურებს“ კონცერტები გამართული აქვს უკრაინაში, ესტონეთში, პოლონეთში, ლატვიაში და სხვა. ანსამბლი დღემდე არ კარგავს აქტუალობას, აქვს მოწვევები როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ფესტივალებიდან. „ჩვენებურები“ რეგულარულად აწყობს ფოლკლორულ ექსპედიციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლის მიზანია ფოლკლორის ზეპირსიტყვიერი, სასიმღერო და ქორეოგრაფიული ტრადიციების შენარჩუნება, მივიწყებული ნიმუშების მოძიება და აღდგენა, უნიკალური შემსრულებლების პოვნა და წარმოჩენა. ექსპედიციებს ახლავს „ჩვენებურების“ კონცერტები. ანსამბლი „ჩვენებურები“ შედგება ცხრა წევრისაგან. თითოეული მათგანი საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელია. ჯგუფის ყველა წევრს შეუძლია ქართული ხალხური სიმღერის სამივე ხმით შესრულება, ასევე, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და ცეკვა. ანსამბლის თითოეული წევრი გამოირჩევა განსაკუთრებული და სახასიათო ხმის ტემბრით.