კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „დიდგორს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ანსამბლს „დიდგორი“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, ანსამბლ „დიდგორის“ ხელმძღვანელი გივი აბესაძე და ანსამბლის წევრები, ასევე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.
კულტურის მინისტრის განცხადებით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა. სახელმწიფოს მხრიდან ანსამბლების სამოსით უზრუნველყოფა დაახლოებით 15 წელია არ მომხდარა, რის გამოც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბერში გამოყოფილ იქნა 197 999 ლარი და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 12 სხვადასხვა ანსამბლის ხელოვანებს მათ საჭიროებაზე მორგებული სასცენო სამოსი და აქსესუარები ექნებათ.
კულტურის სამინისტროს ცნობით, ანსამბლებისთვისა და სოლისტებისთვის სასცენო სამოსის შესაძენად ტენდერი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა.
„ტრადიციული სასცენო სამოსის შეკერვას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკი“ უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში ჯამში გათვალისწინებულია 70 კაბისა და 277 ჩოხის კომპლექტი დამზადება და მათი გადაცემა იგეგმება შემდეგი ანსამბლებისა და სოლისტებისთვის: სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი; სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“; სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“; სსიპ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“; მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“; სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მესტიის სალოტბარო სკოლის ანსამბლი; უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა“; ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“; ფოლკლორული ანსამბლი „შილდა“; ა(ა)იპ ანსამბლი „ჩვენებურები“; სოლისტები – ლელა თათარაიძე და ტრისტან სიხარულიძე.
კომპანია „ფაფანაკის“ მიერ დამზადებული სამოსი სამინისტროს ეტაპობრივად ბარდება. დღეს, კულტურის სამინისტრომ რიგით მეორე ფოლკლორულ ანსამბლს გადასცა ტრადიციული სამოსი. ანსამბლ „დიდგორს“ ჩოხის სრულიად ახალი, 15 კომპლექტი გადაეცა. პირველი ანსამბლი, რომელსაც სასცენო სამოსი სამინისტრომ მიმდინარე წლის 15 აპრილს გადასცა, იყო ანსამბლი „სახიობა“ (ჩოხის 13 კომპლექტი). აღსანიშნავია, რომ თითოეული ანსამბლისა და შემსრულებლისთვის გადასაცემი სასცენო სამოსის თავისებურებები და სახეობა მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე განისაზღვრა.
ინფორმაციისთვის, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა, ხოლო მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. 1 121 წელს დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით დიდგორის ველზე ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად ანსამბლს სახელი არქიმანდრიტმა იოანემ (კიკვაძე) შეურჩია. „დიდგორის“ საშემსრულებლო სტილი ტრადიციულია და საზრდოობს საარქივო ჩანაწერებით, იგი იძიებს და აღადგენს ძველ ოსტატთა ნამღერ ვარიანტებს. ანსამბლი აქტიურად საქმიანობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 2012 წლიდან „დიდგორი“ პროექტის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ფარგლებში მართავდა კონცერტებს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივ მომღერლებთან ერთად. 2015 წელს, ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ნომინაციაში „ახალი თაობა“, ანსამბლ „დიდგორს“ გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო და სიგელი. 2015-2016 წლებში ანსამბლმა პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.