კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „სახიობას“ საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ანსამბლს „სახიობა“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, ანსამბლ „სახიობას“ წარმომადგენელი, დავით აბრამიშვილი და ანსამბლის წევრები, ასევე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი გაბუნია ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფოს მხრიდან ანსამბლების სამოსით უზრუნველყოფა დაახლოებით 15 წელია, არ მომხდარა, რის გამოც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის დეკემბერში გამოიყო 197 999 ლარი და მიმდინარე წლის პირველ სემესტრში 12 სხვადასხვა ანსამბლის ხელოვანებს მათ საჭიროებაზე მორგებული სასცენო სამოსი და აქსესუარები ექნებათ.
ანსამბლებისა და სოლისტებისთვის სასცენო სამოსის შესაძენად ტენდერი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. ტრადიციული სასცენო სამოსის შეკერვას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკი“ უზრუნველყოფს. ამჟამად მიმდინარეობს 70 კაბისა და 277 ჩოხის კომპლექტის კერვა და მათი გადაცემა იგეგმება შემდეგი ანსამბლებისა და სოლისტებისთვის: სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი; სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“; სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“; სსიპ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“; შპს მგალობელ – მომღერალთა გუნდი „დიდგორი“; მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“; სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მესტიის სალოტბარო სკოლის ანსამბლი; უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა“; ა(ა)იპ „ანსამბლი სახიობა“; ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“; ფოლკლორული ანსამბლი „შილდა“; ა(ა)იპ ანსამბლი „ჩვენებურები“; სოლისტები – ლელა თათარაიძე და ტრისტან სიხარულიძე.
კომპანიის მიერ დამზადებული სამოსი სამინისტროს ეტაპობრივად ბარდება. დღეს დაიწყო კულტურის სამინისტროს მიერ ანსამბლებისთვის ახალი სასცენო სამოსის გადაცემის პროცესი და ანსამბლს „სახიობა“ ჩოხის სრულიად ახალი, 13 კომპლექტი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ თითოეული ანსამბლისა და შემსრულებლისთვის გადასაცემი სასცენო სამოსის თავისებურებები და სახეობა მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე განისაზღვრა.
ანსამბლი „სახიობა” 2006 წლის 17 იანვარს მალხაზ ერქვანიძის, ეთნომუსიკოლოგის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრისა და გალობის უმაღლესი სკოლის პედაგოგის თაოსნობით ჩამოყალიბდა. ამჟამად, მალხაზ ერქვანიძის ზედამხედველობით, ანსამბლს ხელმძღვანელობს ანსამბლის წევრი, დავით აბრამიშვილი. ანსამბლის „სახიობა“ მიზანია ქართული პოლიფონიური მუსიკის მეტად პოპულარიზაცია. ანსამბლი ხალხურ სიმღერებს ძველი, ავთენტური სტილით ასრულებს. ქართული ხალხური სიმღერების გარდა, ანსამბლის რეპერტუარში შედის ე.წ. „ქალაქური სიმღერები“ და უცხოენოვანი ფოლკლორული სიმღერის რამდენიმე ნიმუში. ანსამბლ „სახიობას“ თავისი მოღვაწეობის მანძილზე გამართული აქვს კონცერტები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, ანსამბლს გამოცემული აქვს რამდენიმე მუსიკალური ალბომი.