კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „ერისიონს“ ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ საჩუქრად გადასცა 61 ერთეული ტრადიციული სასცენო სამოსი.
კერძოდ, კულტურის სამინისტროს ცნობით, საჩუქრად გადასცა „ოსურის“ მოცეკვავეებისთვის 15 კაბა, „ხევსურულის“ მოცეკვავეებისთვის 28 ჩოხა და მომღერლებისთვის 18 ჩოხა-ახალუხი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, „ერისიონის“ ხელმძღვანელები და ანსამბლის წევრები.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი სასცენო სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა.
„დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, რის გამოც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოცხადდა ორი ტენდერი. კულტურის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის ივნისში გამოაცხადა ორი ტენდერი და გამოყო 338 999 ლარი ანსამბლებისთვის საჭირო სასცენო სამოსისა და აქსესუარების შესაძენად. ამ ორი ტენდერით დაფინანსდა 20 ანსამბლი და ორი ფიზიკური პირი. მათგან ხუთი ანსამბლი სამინისტროს სისტემაში საქმიანობს, სხვები კი – დამოუკიდებლად. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკი“ ეტაპობრივად გადასცემს მათთვის შეკერილ სასცენო სამოსს ანსამბლებს, რომლებიც კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.