კულტურის სამინისტრო ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრა.
ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილს გაიხსნება და 2022 წლის 27 ნოემბრამდე გასტანს. 59-ე ბიენალეს კურატორია სესილია ალემანი, საერთაშორისო გამოფენის თემა და სახელწოდებაა: „რძე სიზმრებისა“.
საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით, კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეულია საგამოფენო სივრცე ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე (132 კვ.მ., მისამართი: Fondamenta S. Biagio, 800/o, 30133 Venezia VE, Italy), რომელიც 2022 წლის 13 აპრილიდან 1-ელ დეკემბრამდე იქნება საქართველოს განკარგულებაში.
წელს პირველად, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის შვიდი თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის. რეზიდენციაში მონაწილეობას მიიღებენ 30 წლამდე ხელოვანები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოდან. რეზიდენციის ხანგრძლივობა იქნება ერთი თვე და მისი მონაწილეები შეირჩევიან კონკურის გზით, რომელიც გამოცხადდება 2022 წლის იანვარში.
ინფორმაციისთვის, ვენეციაში საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით მოლაპარაკება მიმდინარეობდა ორ სივრცესთან დაკავშირებით. საბოლოოდ, არჩევანი ზემოხსენებულ სივრცეზე შეჩერდა, რადგან მისი ქირაობით მიღებული ეკონომია სამინისტროს აძლევს საშუალებას, ვენეციის ბიენალეს ფარგლებში ახალგაზრდებისათვის სახელოვნებო რეზიდენციის პროექტის განხორციელების ტრადიციას ჩაუყაროს საფუძველი.
22 სექტემბერს მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი – მაგდა გურული წარუდგინა, რომელიც 2022 წლის ვენეციის 59-ე ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის სათანადოდ წარმოჩენის პროცესზე პასუხისმგებელი პირი იქნება.
კონკურსის პირობები და ვადები: კონკურსში საგამოფენო პროექტით მონაწილეობა შეუძლია თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში მომუშავე კურატორს, კურატორთა ჯგუფს ან ხელოვანს, მიუხედავად მოქალაქეობრივი კუთვნილების და საცხოვრებელი ადგილისა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კურატორს, კურატორთა ჯგუფს, ხელოვანს ჰქონდეს საერთაშორისო პროექტების განხორციელების/მათში მონაწილეობის გამოცდილება. პროექტი უნდა ეფუძნებოდეს კონცეფციას/იდეას, რომელიც, შესაბამის შემთხვევაში, გააერთიანებს მონაწილე ხელოვანების ნამუშევრების პროექტებს. პროექტს უნდა ჰქონდეს კავშირი თანამედროვე საერთაშორისო მხატვრულ პროცესებთან და იყოს აქტუალური თანამედროვე ქართული შემოქმედებითი, ინტელექტუალური და კულტურული ტენდენციების თვალსაზრისით.
პროექტის იდეა უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენის მთავარ თემას. წარმოსადგენი ნამუშევრები არ არის შეზღუდული მედიუმის (მხატვრული თვითგამოხატვის საშუალება) თვალსაზრისით. წარმოდგენილი პროექტი სასურველია ითვალისწინებდეს ახალი ნამუშევრის შექმნას. ერთ იურიდიულ პირს/კურატორს/კურატორთა ჯგუფს, შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ერთი პროექტი განხილვას არ დაექვემდებარება.
გამარჯვებული პროექტისათვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა შეადგენს 180 000 ლარს გადასახადების გათვალისწინებით და ანაზღაურდება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] ელექტრონული დოკუმენტის სახით. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა.
საკონკურსოდ მიღებულ პროექტებს შეაფასებს სპეციალური კომისია, რომლის წევრებსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეარჩევს.