კულტურის სამინისტრო მზადყოფნას აცხადებს, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რომ რექტორის არჩევნები უმოკლეს ვადაში ჩატარდეს
კულტურის სამინისტრო მზადყოფნას აცხადებს, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რომ რექტორის არჩევნები უმოკლეს ვადაში ჩატარდეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სურვილს, სამინისტროსთან ერთად იმსჯელოს იმ მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა. ამის შესახებ კულტურის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა კონსერვატორიამ უმოკლეს ვადაში შეძლოს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით.

„ამ მიზნით კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა სამინისტროში დანიშნულია ხვალ, 29 სექტემბერს, 16 საათზე. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იქნებიან ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები. სამინისტროში შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, ბატონი იოსებ ბაღათურია, რომელიც სხვებთან ერთად კურირებს სამართლებრივ საკითხებს და სამინისტროს წარმოადგენს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გუგა მირიანაშვილი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარე საარჩევნო პროცედურა შეწყდა, რაც ნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები ცოტა ხნით გადაიდო. მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიურმა საბჭომ განცხადება 27 სექტემბერს გაავრცელა.