კულტურის სამინისტრო მსახიობ ციალა გურგენიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ციალა გურგენიძის გარდაცვალების გამო.
„ციალა გურგენიძე 1964 წლიდან იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის მსახიობი და შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული მთავარი როლი, თუმცა ქართველ მაყურებელს მსახიობმა თავი ყველაზე მეტად დაამახსოვრა და შეაყვარა ქეთო ყარაულაშვილის როლის შესრულებით, ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“. რეჟისორ გიორგი შენგელაიას გენიალურმა და ყველასათვის საყვარელმა მუსიკალურმა კომედიამ მაყურებელს ეკრანებზე გამოსვლისთანავე შეაყვარა მასში მონაწილე ყველა მსახიობი და, მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული სახასიათო როლი სწორედ ციალა გურგენიძემ შეასრულა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.