კულტურის სამინისტრო მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო.
საქართველოს სახალხო მხატვარი მერაბ მერაბიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი იყო. შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, ის აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ამავე აკადემიის ხატვის კათედრის გამგე და მთავარი მრჩეველი.
მერაბ მერაბიშვილის ცნობილი ნამუშევრებია: ა. გრიბოედოვის ძეგლი თბილისში, გენერალ პეტრე ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი თბილისში, ერეკლე II -ის ცხენოსანი ძეგლი თელავში, შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში, პოეტ ი. მოსაშვილის ძეგლი თბილისში და სხვა. მოქანდაკის ცნობილ კომპოზიციებს შორისაა: „სევდა“ და „პრომეთეოსი“. არის ავტორი არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის პორტრეტისა.
მერაბ მერაბიშვილს 2002 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ამასთან, სხვადასხვა წლებში გახდა დიმიტროვის ოქროს მედლისა და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლის მფლობელი.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია სამინისტროს ფეისბუქგვერდზე.