კულტურის სამინისტრო - გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა 24 თებერვალს გაიმართება
კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გადაიდოს ერთი კვირით, – ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სხდომა, 17 თებერვლის ნაცვლად, 24 თებერვალს ჩატარდება.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, საორგანიზაციო საკითხების უკეთ მოგვარების მიზნით და შეხვედრაში მონაწილე პირთა სამუშაო გრაფიკის მხედველობაში მიღებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გადაიდოს ერთი კვირით და ჩატარდეს 24 თებერვალს. შეგახსენებთ, რომ იუნესკო-მ დადებითად შეაფასა 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გელათის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და მის ფარგლებში მუშაობა და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის განახლებისკენ მოუწოდა. კულტურის სამინისტრომ მაშინვე გაითვალისწინა მოცემული რეკომენდაცია და თავდაპირველად სხდომა ჩაინიშნა 17 თებერვალს“, – ნათქვამია განცხადებაში.