კულტურის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში იმყოფება და ვითარებას ადგილზე სწავლობს
კულტურის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში იმყოფება და ვითარებას ადგილზე სწავლობს

კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე აცხადებს, რომ იუნესკო-ს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის, რის შემდეგაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად.

მისივე თქმით, ექსპერტთა ჯგუფი უკვე ადგილზე იმყოფება.

„კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, პანდემიის პირობებში უსწრაფეს ვადებში მოხერხდა ევროპელი ექსპერტების ჩამოყვანა გელათის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩამოსული არიან ფერწერის, სახურავის ექსპერტები, ისინი დასვამენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, რა სიტუაციაა შექმნილი. შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, იქ გაკეთდება ყველაფრის ანალიზი. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება ქართველ ექსპერტებთან ერთად, მას შემდეგ, რაც გვექნება მათი რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად. ექსპერტები ადგილზე იმყოფებიან და მუშაობენ. ექსპერტების სურვილი იყო, რომ თავიანთი საქმიანობის პირველ ეტაპზე მედიასთან ურთიერთობისგან თავი შეეკავებინათ. ჩვენ მათ ვერაფერს დავაძალებთ. მთელ მსოფლიოში ასეთი პრაქტიკაა, რომ ექსპერტებს მუშაობა უნდა ვაცადოთ“, – განაცხადა კახა სიხარულიძემ.