კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად იმსჯელეს.
კანონპროექტი დეპუტატებსა და სხდომაზე მოწვეულ კულტურის სფეროს წარომადგენლებს პარლამენტის წევრმა, ბაია კვიციანმა წარუდგინა.
ბაია კვიციანის განმარტებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებების და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამასთანავე, „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
„კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ინტელექტულური საკუთრების ექსპერტებსა და კოლექტიური მართვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან წინასწარი კონსულტაციებისა და კვლევის შემდეგ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე“, – განაცხადა ბაია კვიციანმა.
მისი განცხადებით, საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება ადამიანის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას და მაღალი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროს მარეგულირებელი სათანადო და ევროკავშირთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა.
მომხსენებლის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სრულფასოვან მართვას და აღადგენს მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ.
მისივე თქმით, შეიქმნება ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში კონტროლის სისტემას გააძლიერებს. დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები. დეტალურად გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის, ასევე მისი რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წესები და პირობები, განისაზღვრება აკრედიტაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო და კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები. ასევე, გაიწერება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრობის წესები, წევრთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები და ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები.
რამდენიმე მუხლთან მიმართებაში შენიშვნების გათვალისწინების დათქმით, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.