დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დაიდგა, – აცხადებენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.
მემორიალის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მოქანდაკე ირაკლი წულაძემ გაიმარჯვა.
მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.