კრწანისის ტყე-პარკში სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი შეიქმნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების გეგმაზე. გეგმის განხორციელების შედეგად, ტყე-პარკში სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გრძელვადიანი ხედვის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყე-პარკში დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი შვიდი ტბორის აღდგენა/დათევზიანება და 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.
„ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.