კრწანისის საწვრთნელი ცენტრის წვევამდელი მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს
კრწანისის საწვრთნელი ცენტრის წვევამდელს, 20 წლის ელჯან ეფენდიევს კლინიკა „რუსთავიდან“ გაწერენ და მკურნალობას სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს, – ამის შესახებ პირველ არხს მორიგე ექიმმა თამარ იაკობიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში 14:10 საათზე შემოიყვანეს. როგორც იაკობიძემ აღნიშნა, წვევამდელს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამასთან, ექიმის განმარტებით, მწვავე პათოლოგიური დაზიანება კომპიუტერული ტომოგრაფიითაც გამოირიცხა.
„იყო გულყრის შემდგომი პერიოდი. პაციენტს კონსულტაცია გაუწია ნევროლოგმა. მწვავე პათოლოგია და დაზიანება გამორიცხა. ენობრივი ბარიერის გამო, გავესაუბრე დედას, რომელმაც განგვიცხადა, რომ პაციენტს თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული. ამის შემდეგ დავიწყეთ კვლევები. ამ ეტაპზე, პაციენტს მწვავე დაზიანებები არ აღენიშნება. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არის კონტაქტური და ადეკვატური.
როგორც თავად ამბობს, თავის არეში ტრავმა აქვს, თუმცა ვიზუალური დათვალიერებით გარეგნულად არაფერი ეტყობა. კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პათოლოგიური დაზიანება გამოირიცხა. როგორც პაციენტმა აღნიშნა, როდესაც ნერვიულობს, პერიოდულად ემართება გულყრა. არანაირი დაზიანება ან სისხლჩაქცევა არ ვლინდება. პაციენტი მკურნალობას გააგრძელებს სამხედრო ჰოსპიტალში“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, კლინიკა „რუსთავთან“ ელჯან ეფენდიევის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. მამა ელბრუს ეფენდიევი ამბობს, რომ მისი შვილს კრწანისის სამხედრო ბაზაზე სცემეს და კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მოიყვანეს კლინიკაში.
კრწანისის საწვრთნელ ცენტრში დღეს ინციდენტი მოხდა. როგორც 1Tv.ge-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მოხდა მცირედი შელაპარაკება, რა დროსაც ემოციური ფონის გამო, ერთ-ერთი წვევამდელი კლინიკაში გადაიყვანეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელს დაზიანებები არ აქვს მიღებული და მას სამედიცინო დაწესებულებიდან მალე გაწერენ.