კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართა
კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართა

ორწლიანი პაუზის შემდეგ, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა.

„დღეს კრწანისობაა – ჩვენი გმირების, კრწანისის გმირების დღე. ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ეს ღონისძიება და ეს არის სახალხო დღესასწაული. მინდა, კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს მივულოცო და პირველ რიგში, ვუსურვო ის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და საჭიროა დღეს – მშვიდობა და სიმშვიდე. ასევე, რა თქმა უნდა, მინდა, ვუსურვო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„კრწანისობა 2022“ მეფე ერეკლე მეორისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ჯაბა სამუშიას ლექციით გაიხსნა. ლექციის დასრულებისთანავე, კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კონცერტი გაიმართა, სადაც სტუმრების წინაშე ანსამბლები „შვიდკაცა“ და „თბილისი“ წარდგნენ.

„კრწანისობა 2022“-ზე მისულ სტუმრებს ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა: ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა სამოსელიც დახვდათ. მათ საშუალება ჰქონდათ, თავად მოერგოთ ინვენტარი და სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ.

თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.