ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სიორიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია დანერგეს.
მისივე თქმით, ტექნოლოგიური ინოვაციებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება ვიდეოფიქსაციის სისტემა, რაც სიორიძის თქმით, წინ გადადგმული ნაბიჯია.
„გამომდინარე იქიდან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისადმი არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და მას აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური კონტექსტი, ოპოზიციის და პირადად ჩემი, როგორც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წევრის, უპირატეს ამოცანას წარმოადგენდა 19 აპრილის დებულებათა იმპლემენტაციასთან ერთად, ამავე არჩევნებზე ისეთი ტიპის ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას და არა მხოლოდ ამა თუ იმ ეფექტურობის შემოწმებას კონკრეტულ შემთხვევებში.
სამწუხაროდ, ის, რაც ჩვენ გვსურდა, ბოლომდე ვერ იქნა განხორციელებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩართულ მხარეებთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩვენ მოგვცა პლატფორმა და სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია დავნერგეთ, მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოფიქსაცია არის ის, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ამას ჰქონდა თავისი ფინანსური, ლოგისტიკური, დროის დეფიციტი და სხვასხვა მიზეზი“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ განსაკუთრებულ ფოკუსში მოექცა კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქი, სადაც ბიულეტენების დათვლა მოდიფიცირებულად, ელექტრონული მთვლელი მანქანების მეშვეობით მოხდება.
გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ანგარიში წარმოადგინა.
„მიუხედავად ამისა, ამ ამოცანის მიზნებისთვის შეიძლება თამამად ითქვას, რომ განსაკუთრებულ ფოკუსში მოექცა კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქი, სადაც ბიულეტენების დათვლა მოხდება ელექტრონული მთვლელი მანქანების მეშვეობით. საარჩევნო ადმინისტრაციაში შემადგენლობის განახლებისა და ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შედეგად მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები კომპანია „სმარტ მატიკთან“, რომელიც გახლავთ ელექტრონული ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი კომპანია, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვისა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფილიპინებამდე და შესაძლებელი გახდა, რომ არა ერთ ან ორ უბანზე, არამედ მთლიანად ოლქში, კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩაგვეტარებინა მოდიფიცირებულად და ბიულეტენები დაგვეთვალიერებინა ელექტრონული მთვლელების მეშვეობით. ცესკო-ს თავმჯდომარის დავალებით ამ პროექტს ვხელმძღვანელობ მე. ბიულეტენი იქნება ერთ ფურცელზე დაბეჭდილი, თუმცა სამ სვეტში იქნება სამივე სახეობის არჩევანის გაკეთება შესაძლებელი, იმავე ფერებით, როგორიც არის რეალური ბიულეტენი, განსხვავებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ამომრჩეველი არ შემოხაზავს სასურველ კანდიდატს ან პარტიას, არამედ წრეში გააფერადებს. არის სამი ტიპის ჩარჩო, ერთი – ძირითადი, ხოლო ორი სპეციალური სიებისთვის გადასატანი ყუთებისათვის. ასევე დაბეჭდილი არის საინფორმაციო ფლაერები, სადაც დატანილია დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა. მას შემდეგ, რაც დაზუსტდება საბოლოოდ სიები, კრწანისის ამომრჩევლებს ამომრჩევლის ბარათებთან ერთად დაეგზავნებათ შესაბამისი საინფორმაციო ფლაერი, სადაც მითითებული იქნება ინტერნეტბმული, რომელიც გადაიყვანს მათ უკვე ვიდეოკლიპზე, რომელიც ახლა ვიდეომონტაჟის პროცესშია და განთავსდება სოციალურ ქსელში, სადაც ასევე არის დეტალური ინფორმაცია, როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
ეს ვიდეოკლიპი უკვე კენჭისყრის დღეს კრწანისის ოლქის 31-ვე საარჩევნო უბანზე იქნება მუდმივ რეჟიმში გაშვებული მონიტორებზე, რომლებიც განთავსდდება უბნის შიგნით ან უბნის შესასვლელთან. ეს არის ადაპტირებული, ასევე უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე ადამიანებზე, რომელთა კონტიგენტი არის ასევე ამავე ოლქში. დღეს მიმდინარეობს ამ პროცესის პილოტირება, ხოლო ხვალ 75-ე სკოლის ეზოში უკვე ჩატარდება იმიტირებული არჩევნები ამ საპილოტე ვერსიისა, სადაც გავლილი იქნება სრული პროცედურა, რეპეტიცია, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები 2 ოქტომბერს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ამასთან, სიორიძის ინფორმაციით, პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქვთ კონსულტაცია და გეგმავენ, რომ საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს. მისივე თქმით, იდეის მიზანია, ხმის მიცემის ფარულობა გარანტირებული იყოს.
სიორიძე ფიქრობს, რომ კრწანისელებს ახლა ეძლევათ შესაძლებელობა, 2 ოქტომბერს მიიღონ ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც შესაძლებელია, გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში.
„ამასთან ერთად, გაგაცნობთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებაც, ჩემი ინიციატივით და კომისიასთან შეთანხმებით, პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს, რათა მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი, იმდაგვარად, რომ ფარულობა ხმის მიცემისა იყოს გარანტირებული, რაც გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში, ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან. არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, მაგრამ ე.წ. სომხურ კარუსელებთან და აგრეთვე იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, ადამიანის ნებაზე ძალადობასთან, შანტაჟშთან და ასე შემდეგ. ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამის პრევენცია, მისი მინიმუმამდე დაყვანა. უბრალოდ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ კაბინებით ხმის მიცემა.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარ კანდიდატებს, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, რათა პროცესი გახდეს მეტად ინკლუზიური და მაქსიმალურად მოხდეს ადამიანების ინფირმირება. ჩემი აზრით, კრწანისელებს ახლა ეძლევათ შესაძლებელობა, 2 ოქტომბერს მიიღონ ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც შესაძლებელია, გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში“, – განაცხადა სიორიძემ.