კრიზისის დასაწყისში გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენა პირველ იანვარს დაიწყება და ორი წელი გაგრძელდება
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კრიზისის დასაწყისში გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენა 2022 წლის პირველ იანვარს დაიწყება და ორი წელი გაგრძელდება.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. პაპუნა ლეჟავაც ინფორმაციით, ბანკებს ბუფერების აღსადგენად ვადა 2023 წლის დასაწყისამდე აქვთ.
„ბანკებს არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის აღსადგენად დრო 2023 წლის პირველ იანვრამდე, კაპიტალის კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი 2024 წლის პირველ იანვრამდე მიეცემათ. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც პანდემიის გავლენის მასშტაბების და ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შეფასება უკეთესად არის შესაძლებელი, ვიდრე ეს პანდემიის დასაწყისში იყო, შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია. გაურკვევლობა პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით კვლავ მაღალია, თუმცა საბაზისო სცენარში საკრედიტო დანაკარგების მნიშვნელოვანი გადახედვა მოსალოდნელი არაა. შესაბამისად, კომიტეტმა 2020 წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის ეტაპობრივი აღდგენა მიზანშეწონილად მიიჩნია. კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღად 2022 წლის პორველი იანვარი განისაზღვრა და აღნიშნული თარიღიდან 2 წლის განმავლობაში ბანკებმა კაპიტალის მოთხოვნა სრულად უნდა დააკმაყოფილონ. აღსანიშნავია, რომ ბანკებში არსებული კაპიტალის ბუფერებისა და მოსალოდნელი მომგებიანობის გათვალისწინებით, ბუფერების მოთხოვნის აღდგენა საკრედიტო აქტივობაზე, სხვა თანაბარ პირობებში, მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს. ამავდროულად, დღეისთვის არსებული პროგნოზები ბანკებს საშუალებას აძლევს, აღნიშნული ბუფერები მოცემულ ვადაზე ადრე აღადგინონ, რა შემთხვევაშიც მოიხსნება კაპიტალის განაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის დივიდენდის გაცემა, აქციების გამოსყიდვა, წილობრივი ინვესტიციების განხორციელება და ცვალებადი ანაზღაურების ვალდებულების შექმნა მენეჯმენტის ბონუსების გასაცემად“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.