კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეურაცხყოფა არა თეა წულუკიანს, არამედ მის მოადგილეს მიაყენა
საქართველოს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელის, დავით წიკლაურის განცხადებით, შეურაცხყოფა არა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს, არამედ მის მოადგილეს, სოსო გიორგაძეს მიაყენა.
როგორც წიკლაურმა „იმედს“ განუცხადა, კონფლიქტი გიორგაძის გამო დაიწყო და ფედერაციის დაფინანსებას ეხებოდა.
„მისი მოადგილე შუაში ჩადგა, თუ რა გააკეთა, ეს კადრები ამოიღონ და ნახავენ ყველაფერს კარგად. მერე რა პასუხიც გავეცი, იმას არ უარვყოფ. კი ბატონო, მის მოადგილეს შეურაცხყოფა მივაყენე. საერთოდ, ყველა კონფლიქტი დაიწყო სოსო გიორგაძის გამო. როგორ ფიქრობთ, ფიზიკური დაპირისპირება რომ ყოფილიყო, ქალბატონი თეას მიმართ რომ ფიზიკურად ვინმეს ეძალადა, მე დღეს გარეთ ვივლიდი?
მოვითხოვე დაფინანსება სამი ევროპის ჩემპიონატის, ერთი მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე იმ სპორტსმენების ხელფასები, რომლებსაც, ზოგიერთს საერთოდ არ აქვს დანიშნული. მე საუბარი მაქვს ევროპის ჩემპიონებზე, ფინალისტებზე, პრიზიორებზე. ასევე მოვითხოვე მწვრთნელების ხელფასების გადახედვა და გაზრდა“, – აცხადებს დავით წიკლაური.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, „რომ ადამიანი, ვინც მასზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი“.
წულუკიანის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური. მისი თქმით, ეს არის „დაუჯერებელი და აბსურდული ბრალდება“.