კრისტიან ვიგენინი - ვიმედოვნებ, ახალარჩეული პრეზიდენტი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ერის ერთობა უზრუნველყოს
საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს, – ამის შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კრისტიან ვიგენინმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთო მიზანია, რომ საარჩევნო პროცესი გაუმჯობესდეს, რაც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს.
„ახლა დროა, ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შეფასებაში და წამოჭრილი შეშფოთებები ხელისუფლებამ გადავადების გარეშე გადაჭრას. მჯერა, რომ ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს – გავაუმჯობესოთ საარჩევნო პროცესი, რაც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს“, – განაცხადა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი არ დაიშურებს ძალისხმევას, ერის ერთობა უზრუნველყოს.
„ვიმედოვნებ, ახლა, დაძაბული კამპანიისა და საზოგადოებაში პოლარიზაციის თვეების შემდეგ, ახალარჩეული პრეზიდენტი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ერის ერთობა უზრუნველყოს“, – აღნიშნა კრისტიან ვიგენინმა.