კრისტიან ტერესი - მქონდა აღქმა, რომ ევროკავშირში პოლიტიკური განწყობების გამო საქართველო დაისაჯა, უსამართლოა, დასაჯო ქვეყანა და ხალხი იმის გამო, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმები
კრისტიან ტერესი - მქონდა აღქმა, რომ ევროკავშირში პოლიტიკური განწყობების გამო საქართველო დაისაჯა, უსამართლოა, დასაჯო ქვეყანა და ხალხი იმის გამო, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმები

ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგებთან, ვუთხარი ჩემს მეგობრებს, რომ სრულად ვუჭერ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ჩემს შემთხვევაში, ნატო-ში ინტეგრაციასაც, რადგან რაც ახლა ხდება, ომი უკრაინაში, მანამდე ხდებოდა საქართველოში, – ამის შესახებ რუმინელმა დეპუტატმა, კრისტიან ტერესმა ქართველ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუმინელი დეპუტატის თქმით, იმ ქვეყნებისთვის, ვისაც სურს, შეუერთდნენ ევროპას, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის ჩვენება ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან.

„კონკრეტული ნაბიჯები უნდა შესთავაზო რეალური მოლოდინებით, როდის და როგორ შეუძლიათ ამ ინსტიტუტებს შეუერთდნენ, სხვა შემთხვევაში იქნება აფეთქების რისკი, რაც სამწუხაროდ მოხდა თქვენს ქვეყანაში და ახლა ხდება უკრაინაში. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა. ეს ვუთხარი ქართველ დეპუტატებს და ამას ვამბობ თქვენთანაც. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და პოლიტიკურ საკითხებთან გვაქვს შეხება, მაგრამ სამართლიანი არ არის ქართველ ხალხთან ზოგიერთი ევროპელის  გზავნილი, რომლებიც პოლიტიკური პრეფერენციების გამო სხვადასხვა შეხედულების არიან თქვენს ქვეყანასა და ხალხზე. როცა გაქვს თავისუფალი და კანონიერი არჩევნები და ქართველების უმეტესობამ ხმა მისცა ვიღაცას, პატივი უნდა სცე და იმუშაო მასთან, რადგან საბოლოო ჯამში მთავრობები მიდიან და მოდიან, საქართველო უცვლელია“, – განაცხადა ტერესმა.

კრისტიან ტერესის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩვენება, რომ მარტო არ არის.

„მნიშვნელოვანია თქვენი ხალხისა და თქვენი ქვეყნისთვის, რომ მარტო არ ხართ, აქ საკუთარი ხმა გაქვთ ჩვენი სახით და ვიტყოდი, ბევრი ხმა, გვესმის თქვენი გზავნილი და გავაგრძელებთ საქართველოს სრული ინტეგრაციის მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში. ჩემს პოლიტიკურ ჯგუფშიც კი აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან და იმ თანამშრომლობიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან ბევრ დეპუტატთან მაქვს, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. საქართველოს ადგილი ევროპაშია და ძალიან მნიშვნელოვანია იმ გზავნილის გაჟღერება, რომ მარტო არ ხართ, სრულად უჭერენ მხარს თქვენს ევროინტეგრაციას. რამდენადაც თავად გადაწყვეტილება, სრულად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტებზე და რეალობიდან გამომდინარე უნდა იყოს მიღებული. სწორედ ამიტომ იყო, რომ პირადად მე არ მომეწონა და  მქონდა აღქმა, რომ ევროკავშირში პოლიტიკური განწყობების გამო ქვეყანა დაისაჯა, რადგან ზოგიერთი პოლიტიკოსი ბრიუსელსა თუ სტრასბურგში კონკრეტულ საკითხებს არ ეთანხმება. საკითხებზე ვთანხმდებით ან ვერა, შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს ბევრ თემაზე, ეს დემოკრატიულია და დემოკრატიული საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც უკვე დაიტანჯა რუსეთის ამ იმპერიალისტური ქცევებისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ უსამართლოა, რომ დასაჯო ქვეყანა და დასაჯო ქართველი ხალხი ისევ იმის გამო, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ეთანხმები“, – განაცხადა რუმინელმა დეპუტატმა.